"თავისუფალი დემოკრატები" კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 მილიონი ლარის გამოყოფას ითხოვენ.
როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული თანხა კონფლიქტის ზონაში მდებარე 80-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 38 ათასს კომლს ზამთრის გადატანაში დაეხმარება.
"მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად ათეულობით ქართული სოფელი დაცლის პირასაა. ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული სოფლების მცხოვრებლებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ისინი ომის დროინდელ ვითარებაში ჩატოვა", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატების" არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ხელისუფლება "თავს არიდებს მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას და შიდა ქართლის კონფლიქტურ ზონაში დღემდე არ დაურიგებია შეპირებული შეშა და ფქვილი".
"ამ სოფლების მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ პირველადი საჭიროების მედიკამენტებზე. შეშის არქონის გამო იჩეხება ხეხილის ბაღები. ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან მცხოვრებ მოქალქეებს არ აქვთ სასმელი და სარწყავი წყალი. „თავისუფალ დემოკრატებს" მიგვაჩნია, რომ ამ სოფლების მოსახლეობისგან დაცლა დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას... სწორედ ამიტომ მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდებიდან მინიმუმ 15 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ. ეს თანხა კონფლიქტის ზონაში 80-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ 38 ათასს კომლს დაეხმარება ზამთრის გადატანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაემატება სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის გამო დაცლილი და დაკარგული ქართული სოფლები", - განმარტა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები