საქართველოს გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ჟურნალ „ლიბერალის" ჟურნალისტური გამოძიების განყოფილების რედაქტორი ბესო კურტანიძე, ახლადაფუძნებული „ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა.
როგორც ბესო კურტანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, არჩევანს, დარჩება ის ჟურნალისტიკაში თუ პოლიტიკურ პარტიაში გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას, უახლოეს დღეებში გააკეთებს.
„გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციაცია ამ დროისთვის არანაირ პროექტს არ ახორციელებს. რაც შეეხება „ლიბერალს", მე დიდი ხანია იქიდან წამოსული ვარ", - აღნიშნა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული პარტია" სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ, ეროსი კიწმარიშვილმა, კოკა გუნცაძემ და სხვებმა ცოტა ხნის წინ დააფუძნეს.