უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს, შეწყვიტონ ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
"მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პრეზიდენტი ზელენსკი სავსებით მართალია, როცა ამას დაჟინებით მოითხოვს. რუსები ძირითადად მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან სხვების პატივისცემას", - წერს კულება.
ცოტა ხნით ადრე, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.
9 აგვისტოს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის ინიციატივით, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გამოვიდა.
8 აგვისტოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეზღუდვას მიემხრო ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი. მისი განცხადებით, "არასწორია, რომ რუსეთის მოქალაქეები ისე განაგრძობენ ცხოვრებას და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობას, თითქოს არაფერი მომხდარა".
5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეთათვის ტურისტულ ვიზებს კვლავ გასცემს, თუმცა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მოძრაობა აღარ არის. საჰაერო სივრცე რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩაიკეტა.