ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.
კაია კალასის განცხადებით, ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.
"შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დაკეტილია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებს აწვება (ფინეთი, ესტონეთი, ლატვია – წვდომის ერთადერთი წერტილებია). დროა, შეწყდეს ტურიზმი რუსეთიდან ახლა", - წერს ესტონეთის პრემიერი "ტვიტერში".
ცოტა ხნით ადრე, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.
8 აგვისტოს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შეზღუდვას მიემხრო ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი. მისი განცხადებით, "არასწორია, რომ რუსეთის მოქალაქეები ისე განაგრძობენ ცხოვრებას და ევროპაში ტურისტულად მოგზაურობას, თითქოს არაფერი მომხდარა".
5 აგვისტოს ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ეროვნული და შენგენის ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეთათვის ტურისტულ ვიზებს კვლავ გასცემს, თუმცა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მოძრაობა აღარ არის. საჰაერო სივრცე რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე ჩაიკეტა.