ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს.
პეკინის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი არღვევს "ერთი ჩინეთის" პრინციპებს და არყევს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძვლებს, რასთან დაკავშირებითაც, "ჩინეთი მძლავრ პროტესტს აცხადებს".
"არავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, ძლიერი ნება და უნარი, დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის რეგიონში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ დასაცავად. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტულ ძალებს“, - აცხადებენ უწყებაში.
ამავდროულად, ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი ტაივანში "ნებისმიერი ფორმით ან მიზეზით არის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ოფიციალური კავშირების გაზრდას".
"ჩინეთი და ჩინელი ხალხი ამას არასოდეს შეურიგდება", - აღნიშნავენ უწყებაში.
ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის მწვავე გაფრთხილების მიუხედავად, ტაივანში ჩავიდა.
ნენსი პელოსი გახდა ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანს ეწვია.
ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო ჩინეთი მას განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 2021 წლის ოქტომბერში ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის ჩინეთთან შეერთება აუცილებლად განხორციელდება, თუნდაც სამხედრო გზით. საპასუხოდ, ტაივანმა განაცხადა, რომ თავს არ დაუხრის ჩინეთის ზეწოლას.