წავიდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან, როგორც გიული ალასანიამ განაცხადა, ამ თემაზე ექსპრეზიდენტი დედასთან არ საუბრობს.
„ჟურნალისტებმა მთხოვეს დამესვა ეს შეკითხვა და რაღაც ასე გააკეთა [ხელის აქნევა]. არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია რეალურია, რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა, ალბათ ეს ასეა“, - განაცხადა გიული ალასანიამ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე.
სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.