22 ოქტომბერს ესტონეთმა უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის პროგრამა PURL-ის ფარგლებში დამატებით 10 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მინისტრის განცხადებით, ახალი შენატანის გათვალისწინებით, ამ მექანიზმის ფარგლებში ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო მოცულობა 31 მილიონ ევროს მიაღწევს.
ცაჰკნას თქმით, გამოყოფილი თანხები უკრაინას სასიცოცხლოდ აუცილებელი საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალის მიღებაში დაეხმარება.
მთლიანობაში, მიმდინარე წელს ესტონეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0,3%-ს შეადგენს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
„რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ეს მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და ძირითადი სერვისების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. რაც უფრო შეძლებს უკრაინა თავის დაცვას, მით ნაკლებად შეძლებს რუსეთი მშვიდობის პირობების კარნახს. ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე“, - წერს ცაჰკნა.