გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვას.
"გუშინ ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება მსოფლიო ასპარეზზე უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა", – აღნიშნულია გაეროს პრესკომუნიკეში.
შეგახსნებეთ, უკრაინული მარცვლელის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
"მტერმა იერიში მიიტანა ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტის წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ორი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ორი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა", - იტყობინება უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი".
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.