უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
"მტერმა იერიში მიიტანა ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტის წინააღმდეგ „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. ორი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, ორი პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, პორტში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიში ოდესის პორტის წინააღმდეგ ეს არის გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
"24 საათზე სანკლები დასჭირდა რუსეთს, რომ ოდესის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიეტანა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა შეთანხმება და გაეროსა და თურქეთის დაპირება, რომელიც გუშინ სტამბოლში გაფორმდა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
კიევმა გაეროსა და თურქეთს მოუწოდა უზრუნველყონ რუსეთის მხრიდან ვალდებულების შესრულება მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში.
"მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს დაეკისრება პასუხიმგებლობა მსოფლო სასურსათო კრიზისის გაღრმავებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგასენებთ, სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას თურქეთმა, უკრაინამ და რუსეთმა ხელი გუშინ, 22 ივლისს მოაწერეს.