სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში ხელი მოეწერა შეთანხმებებს შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ.
გავრცელებული ცნობით, სტამბოლში ორი შეთანხმება გაფორმდა, თავდაპირველად თურქეთსა და გაეროსთან შეთანხმებას ხელი მოაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა, რამდენიმე საათის შემდეგ, მსგავსი შინაასის დოკუმენტს თურქეთსა და გაეროსთან ხელი მოაწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი შეთანხმება არ გაფორმებულა.
თურქეთის სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, გაეროს სახელით კი გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
გუტერეშის განცხადებით, ეს შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ასევე მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომლებსაც შიმშილი ემუქრება. მისივე თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
BBC-ის შეკითხვას რთული იყო თუ არა მოლაპარაკების გამართვა რუსეთთან, რომელიც კლავს ქალებსა და ბავშვებს უკრაინაში, გუტერეშმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს ვალდებულების განცდა, რომელი უნდა ჰქონდეს გაეროს გენერალურ მდივანს მთელი მსოფლიოს მიმართ".
მისივე თქმით, გაეროს არ აქვს ბერკეტი, დასაჯოს რუსეთი, თუ ის დაარღვევს შეთანხმებას, თუმცა აღნიშნა, რომ "ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი სკანდალი და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ძალინ მკაცრი პასუხი ექნება".
ამასთან, გუტერეშმა განაცხადა, რომ გაფართოებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს. "მე მაღელვებს ის ფაქტი, რომ ამ მომენტისთვის ვერ ვხედავ პირობებს სამშვიდობო პროცესისთვის", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
როგორც იუწყებიან, უკრაინაში დაბლოკილი საქონლის ექსპორტი განხორციელდება უსაფრთხო დერეფნებით, ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის პირობებში.
თურქეთი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, შეამოწმოს გემები, რათა თავიდან აიცილოს იარაღის შესაძლო გადაზიდვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაეროს სპეციალისტების მონაწილეობით სტამბოლში შეიძლება შეიქმნას შესაბამისი საკოორდინაციო ცენტრი.
ერთი დღით ადრე, მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან განხორციელდება სამი პორტიდან: ოდესიდან, იუჟნიდან და ჩორნომორსკიდან. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი რაოდენობა შეიძლება გაფართოვდეს.
13 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დაიწყეს მოლაპარაკებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ამჟამად უკრაინაში 20-25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული. რუსეთის შეჭრამდე უკრაინა ხორბლისა და სიმინდის მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორი იყო.