საქართველოს კულტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში აღიარა, რომ სცილდება კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.
თეა წულუკიანი პრეზიდენტს ურჩევს, "სასწრაფოდ აიყვანოს ადვოკატი".
"ალბათ საჭიროა ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები. გაამართლა რეალურად ის, რასაც ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ რასთანაც საქმე გვქონდა. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი არის წარუმატებელი. ეს არ არის მისი ფუნქცია, კონსტიტუცია ამას არეგულირებს სხვანაირად", - თქვა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს
"ჩვენ ჯერ ვერ შევიძინეთ ისეთი პრეზიდენტი და ეს არავის ბრალი არ არის, გარდა ჩვენივე თავისა, რომ ვერ ვიყოლიეთ ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, როგორც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც კი გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით და ბევრი არ გვყოლია ჯერ საპარლამენტო მოდელში, ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი და მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი, რადგან ისინი თავს წარმოაჩენენ კანდიდატებად და უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ როდესაც ხდებიან პრეზიდენტები საპარლამენტო მოდელში, თვლიან, რომ ეს კონსტიტუცია მათ საქმიანობას გასაქანს სათანადოდ არ აძლევს", - თქვა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნას ითხოვს. პრეზიდენტის თქმით, ბაქრაძის კანდიდატურას გაეროში არ ეთანხმება, რადგან უკმაყოფილოა მისი მუშაობით.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ [პრეზიდენტსა და მთავრობას შორის] უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" მესვეურების განცხადებით, პრეზიდენტი ხელს უშლის ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლებაში. მათი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება ელჩების დანიშვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ სიმბოლურია და მან მთავრობის პოზიცია უპირობოდ უნდა გაითვალისწინოს.