მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლების განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულებები, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე, - ამის შესახებ აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც ეუთო/ოდირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის მკაცრ სამნაწილიან ტესტს.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ დასკვნა უნდა განიხილონ იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ოდირ-მა, საერთაშორისო, რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა, სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ადრე გამოთქვეს ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
დასკვნის თანახმად, განსახილველი ცვლილებები პარლამენტს წარედგინა 2025 წლის 8 ოქტომბერს, მიღებულ იქნა დაჩქარებული პროცედურით, 2025 წლის 16 ოქტომბერს, საჯარო განხილვის გარეშე და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, 2025 წლის 17 ოქტომბერს.
„საერთო ჯამში, ისინი აწესებენ გაცილებით მკაცრ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელებს. ისინი გამორიცხავენ ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობას, აწესებენ უფრო ხანგრძლივ ადმინისტრაციულ პატიმრობას, როგორც ნაგულისხმევ სასჯელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სახით განსაზღვრული გარკვეული ქმედებებისთვის და სისხლის სამართლებრივ პატიმრობას, თუ პირს ეს დანაშაულები წარსულშიც აქვს ჩადენილი. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს 2025 წლის თებერვალსა და 2024 წლის დეკემბერში შემოღებული შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას, რომლებიც 2025 წლის მარტში გამოქვეყნებულ სასწრაფო დასკვნაში ოდირ-მა საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაში გადაჭარბებულ ჩარევად მიიჩნია.
კერძოდ, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებებით შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობის მკაცრი ვადები მაქსიმუმ 60 დღემდე, როგორც ერთადერთი სასჯელი შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულისთვის, რაც გამორიცხავს სასამართლოს დისკრეციას, დააკისროს უფრო მსუბუქი სანქციები, როგორიცაა პროპორციული ხასიათის ჯარიმები ან გაფრთხილება. ეს მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სანქციები იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული.
დასკვნის მიხედვით, ეს და დამატებული ასეთი დაკავებების გასაჩივრების ეფექტური საშუალებების არარსებობა ამძაფრებს ბოროტად გამოყენების პოტენციალს და თავისუფლების თვითნებური აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
„სისხლის სამართლის კოდექსის შესწორებული 347-ე მუხლის თანახმად, ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაწესდეს გარკვეული არაძალადობრივი ქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებად ითვლება, თუ პირს წარსულში ჩადენილი აქვს ასეთი კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ხოლო ორ წლამდე ვადით ამის განმეორებით ჩადენისთვის (ერთზე მეტჯერ და არა დადგენილ ვადაში), საზოგადოებისთვის ან ადამიანებისთვის ზიანის მიყენების განზრახვის ან ასეთი ზიანის რეალურად მიყენებისთვის მტკიცებულების გარეშე. ეს დებულებები სჯის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლით დაცულ ქმედებებს, მათ შორის ნიღბის ტარებას ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიან მონაწილეობას, ან გზების გადაკეტვას. ცვლილებების მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა ნაგულისხმევ სანქციად იქცა, რაც, ფაქტობრივად, არაპროპორციულ სისხლის სამართლებრივ სასჯელს იწვევს მშვიდობიანი შეკრების, თავისუფლების უფლებისთვის გამოყენებისთვის, მათ შორის მაშინაც, როდესაც ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის გარანტირებული. ამგვარად, სისხლის სამართლის სასჯელი ისეთი ქმედებისთვის, რომელიც შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური და კანონიერი იყოს, თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას გამოიწვევს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ შეკრებასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულების ბუნდოვანი და ფართო ფორმულირებამ შეიძლება სამიზნედ აქციოს ის პირები, რომლებიც გამოხატავენ განსხვავებულ შეხედულებებს, ადამიანის უფლებათა დამცველები, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები ან სხვა პირები, რომლებიც კანონიერად სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.
„გარდა ამისა, ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოში ცვლილებების კუმულაციური ეფექტი, აღსრულების ნიმუშებთან ერთად განხილვისას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაშვებული მიზნების მიღმა, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით. საერთო ჯამში, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11, მე-18 მუხლების და უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის დასკვნაში.