პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში მომხდარ სკანდალზე კომენტარის გაკეთებისას, განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა რუსეთის მიერ უკრაინის მაღალი ეშელონში არსებული კორუფციის შესახებ ინფორმაციის პროპაგანდის მიზნით გამოყენების შესახებ.
„მე ვაფრთხილებდი პრეზიდენტ ზელენსკის და ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს მისი პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან - მანამდე, ვიდრე ვინმე იფიქრებდა, რომ ეს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა - რომ ევროპაში რუსული და პრორუსული პარტიების ერთ-ერთი მთავარი ნარატივი არის ის, რომ დამოუკიდებელი უკრაინა - კორუმპირებული უკრაინაა,“ - განაცხადა ტუსკმა
მისი თქმით, რუსებისთვის ეს ყოველთვის ძალიან ძლიერი არგუმენტი იყო: „როგორი სახელმწიფოა ეს? ნუ მიიღებთ მას სერიოზულად, ეს ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა“.
„ევროპაშიც კი ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთზე უფრო კორუმპირებულია. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი გამოვლინების მიმართ, რადგან ამას მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა ტუსკმა.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას და ამას გააგრძელებს, რადგან დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო პოლონეთის ინტერესებშია.
თუმცა, მან დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის მაღალი დონის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ცნობები „სულ უფრო და უფრო ართულებს სხვადასხვა პარტნიორის დარწმუნებას სოლიდარობაში“ უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„დღეს პროუკრაინული ენთუზიაზმი გაცილებით სუსტია როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. ხალხი დაიღალა ომით, დაიღალა ხარჯებით და რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის პოპულარიზაცია არც ისე ადვილია, უკრაინა თუ კორუფციულ ინციდენტებს მოითმენს, ომს წააგებს“, - თქვა ტუსკმა.