"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებმა, 28 ივნისს, სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნეს კომუნიკე, სადაც დაგმეს რუსეთის აგრესია, ფინანსური დახმარება აღუთქვეს კიევს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ვალდებულებას გაუსვეს ხაზი და გამოაცხადეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური დახმარების გეგმები.
ამავდროულად, ლიდერებმა ერთობლივ კომუნიკეში კლიმატის ცვლილებისა და პანდემიის შედეგების წინააღმდეგ მისაღები ზომების შესახებაც განაცხადეს.
"კიდევ ერთხელ ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს. მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. უზრუნველვყოფთ აუცილებელ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაბედულად დასაცავად", - ნათქვამია კომუნიკეში.
ამასთან, G7-ის ლიდერებმა დაგმეს "რუსეთის პროვოკაციული განცხადებები ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის შესახებ".
"რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეაჩეროს შეჭრა და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები
უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით, 2022 წელს "დიდმა შვიდეულმა" წელს უკვე გამოყო 2.8 მილიარდზე მეტი. კიდევ დაგეგმილია 29,5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, როგორც "საბიუჯეტო მხარდაჭერა", რათა დაეხმარონ კიევს ხარჯების დაფარვაში.
"ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ როგორ ყველა დაინტერესებულ ქვეყანასა და ინსტიტუტთან, ასევე უკრაინასთან, უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში და უზრუნველვყოთ მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი", - ნათქვამია დოკუმენტში.
G7-ის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი "მტკიცედ ერთიანნი რჩებიან" რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში და კოორდინაციას გაუწევენ თავიანთ ქმედებებს "სანამ საჭირო იქნება".
"ჩვენ შევამცირებთ რუსეთის შემოსავალს, მათ შორის იმას, რომელსაც იღებს ოქროსგან", - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნები გააგრძელებენ რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის პოლიტიკას და როგორც კომუნიკეშია განმარტებული, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად, შეისწავლიან ვარიანტებს, ამ ბაზარზე ფასების მხრივ ვითარება როგორ დაასტაბილურონ.
ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტია ენერგორესურსების იმპორტზე ფასის ზღვრის შემოღება. G7-მა ასევე მოუწოდა OPEC-ის ქვეყნებს, გაზარდონ წარმოება, რათა შემცირდეს დაძაბულობა მსოფლიო ბაზრებზე.
კლიმატის ცვლილებასთან, შიმშილსა და პანდემიის შედეგებთან ბრძოლა
"COVID-19-ის მიმდინარე პანდემიის დასაძლევად, ჩვენ გავაგრძელებთ ვაქცინების 1,175 მილიარდზე მეტი დოზის მიწოდებას. ჩვენ ასევე მოვემზადებით, რათა თავიდან ავიცილოთ და გავუმკლავდეთ მომავალ პანდემიებსა და ჯანმრთელობის გამოწვევებს", - ნათქვამია დოკუმენტში.
G7-ის ქვეყნების ლიდერებმა, პარტნიორებთან ერთად წლის ბოლომდე კლიმატის საერთაშორისო კლუბის შექმნა დაანონსეს, ასევე, პარიზის კლიმატის შეთანხმების იმპლემენტაციის დასაჩქარებლად გარკვეული ზომების გატარება და პლანეტაზე საშუალო ტემპერატურის 1.5 გრადუსზე მეტად მომატების თავიდან აცილების გეგმების გაწერა.
ამ მიზნით, ქვეყნები იღებენ ვალდებულებას 2030 წლისთვის, მნიშვნელოვნად შეამცირონ ნახშირბადის ემისიები ტრანსპორტის სექტორიდან, მათ შორის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მანქანებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილის მნიშვნელოვნად გაზრდით.
კომუნიკეში ქვეყნებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში 600 მილიარდი დოლარის საინვესტიციო გეგმები და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად "რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის იარაღად გამოყენების საპასუხოდ" 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა.