26 ივნისს "დიდი შვიდეულის" (G7) სამდღიანი სამიტი, გერმანიის თავმჯდომარეობით, ბავარიის ელმაუს ციხე-სიმაგრეში მუშაობას შეუდგება.
"დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი 26 ივნისის ნაშუადღევს დაიწყება.
ლიდერები განიხილავენ გლობალურ ეკონომიკაში არსებულ ვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობას ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში, უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას.
გერმანიის, შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის ლიდერებს შორის დიალოგის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება ომი უკრაინაში და მისი ეკონომიკური შედეგები, რამაც გამოიწვია ენერგომატარებლების ფასების სწრაფი ზრდა.
სამიტის სხვა მნიშვნელოვანი თემები იქნება კლიმატის დაცვა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.
სამიტის წინა დღეს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოვიდა მოწოდებით, რომ ამ შეხვედრისგან არავინ უნდა ელოდოს მნიშვნელოვან გარღვევას.
"დიახ, ელმაუ მდებარეობს მთებში, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ მთებს ვერ გადავდგამთ", - თქვა ოლაფ შოლცმა 25 ივნისს.
წლევანდელ სამიტზე სტუმრის სტატუსით მოწვეულნი არიან არგენტინა, ინდოეთი, ინდონეზია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა. სამიტში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
გერმანიის პარტნიორი ქვეყნების გარდა, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები: გაერო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA).
2022 წლის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობას გერმანია იაპონიას გადააბარებს.
დიდი შვიდეულის ჯგუფი შვიდ მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს აერთიანებს - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა 6 სახელმწიფოსგან, რომელსაც ერთი წლის შემდეგ კანადაც შეუერთდა, იმ მიზნით, რომ მსოფლიოს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებს შესძლებოდათ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
დიდი შვიდეულის მუშაობაში ევროკავშირი მონაწილეობას 1977 წლიდან შეუერთდა.
დიდი შვიდეული 1998-2014 წლებში იწოდებოდა, როგორც დიდი რვიანი (G8), რადგან მისი წევრი რუსეთიც იყო. 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს დაატოვებინეს ჯგუფის შემადგენლობა.
დიდი შვიდეულის სამიტს არ ჰყავს მუდმივმოქმედი აპარატი ან სამდივნო. სამიტის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას თავმჯდომარე ქვეყანა ახორციელებს, რომელიც ყოველწლიურად იცვლება.
თავმჯდომარე ქვეყანა უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობისთვის საჭირო რესურსების შექმნას და ასახავს მის პრიორიტეტებს.
დიდი შვიდეულის თვითმყოფადობას საფუძვლად მისი საერთო ღირებულებები უდევს - დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ განიხილონ ყველა საკითხი, მაშინაც კი, როდესაც მათ მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.