24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში უაღრესად გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელმა მერკელმა ამ საკითხზე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
"სოლიდარობას ვუცხადებს უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
აღნიშნულის თაობაზე, ანგელა მერკელმა გერმანიის პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის ღონისძიებაზე ისაუბრა. საღამოს 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, გერმანიის პოლიტიკური წრეების არაერთი წარმომადგენელი.
მერკელის თქმით, იგი მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ნატოს, დიდი შვიდეულის და გაეროს ყველა ძალისხმევას, რომელიც "მიზნად ისახავს რუსეთის ამ ბარბაროსული, აგრესიული ომის შეჩერებას".
"რამდენად შორს მიმავალი შედეგები მოჰყვება მომხდარს, ამ ეტაპზე ვერავინ იწინასწარმეტყველებს. თუმცა, ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უდიდეს გავლენას მოახდენს, უპირველესად უკრაინელებზე. ვსაუბრობ ადამიანის უფლებების დარღვევაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ბუჩა ასეთი სისასტიკის მაგალითია", - თქვა მერკელმა.
ანგელა მერკელის თქმით, დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიანობა. მან ასევე მოუწოდა გერმანიის თითოეულ მოქალაქეს, წვლილი შეიტანონ ევროპის ერთიანობის განმტკიცებაში.
სიტყვით გამოსვლისას, ანგელა მერკელმა მკაფიო მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მომავალში შესაძლოა, დაუბრუნდეს აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. "იმედს ვუცრუებ მას, ვინც ფსონი დადო ჩემს წასვლაზე", - თქვა ყოფილმა კანცლერმა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს წერილობით განცხადებაში მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მხარი დაუჭირა კანცლერ ოლაფ შოლცის ძალისხმევას, შეეჩერებინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოქმედებები.
მოგვიანებით, 4 აპრილს, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი კრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წელს ბერლინმა უარი თქვა კიევის ნატოში მიღებაზე.