რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმიანება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გაუქმებას.
"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ მოსკოვში დიდი პატივისცემით ეპყრობიან ძმური სამხრეთ ოსეთის ხალხის სწრაფვას რუსეთთან ერთად ააშენოს თავისი მომავალი.
2008 წელს, სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რუსეთმა აიღო პასუხიმგებლობა მის უსაფრთხოებასა და მშვიდობიან მომავალზე. ჩვენი ქვეყნები გეგმაზომიერად მიიწევენ ინტრეგრაციის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია 2015 წლის 18 მარტის რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებით მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ, ასევე სხვა ორმხრივი ხელშეკრულებებით.
რაც შეეხება უშუალოდ რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მოითხოვს დეტალურ ანალიზს და მხარეებს შორის დისკუსიას. იმის გათვალისწინებით, რომ ექს-პრეზიდენტ ბიბილოვის აღნიშნული ინიციატივა არ იყო ჩვენთან შეთანხმებული, სახელმწიფოს ახალი მეთაურის გადაწყვეტილება ნახსნები ბრძანების - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რეფერენდუმის დანიშვნის“ შეჩერების შესახებ, ვაფასებთ, როგორც საღ გადაწყვეტილებას, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის ალიანსის სულისკვეთებას და მჭიდრო ორმხრივი კოორდინაციის პრინციპს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
რუსული მხარე მზად არის გამართოს კონსულტაციები სამხრეთ ოსეთის პარტნიორებთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის შემდგომი ინტეგრაციის გზებზე მსჯელობის მიზნით", - თქვა მარია ზახაროვამ.