აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გზამკვლევი შეიმუშავა. იუწყება The Washington Post.
მისი ინფორმაციით, ახალი ინსტრუქცია მიღებულია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილების მიზნით.
დოკუმენტი ითვალისწინებს აკრძალვებს ორი ტიპის ინფორმაციაზე, რომელსაც აშშ-ის დაზვერვამ შესაძლოა უკრაინას გაუზიაროს. პირველი აკრძალვა ეხება ინფორმაციას, რომელიც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარებოდა რუსეთის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლების ლიკვიდაციაში, მათ განეკუთვნება, მაგალითად, თავდაცვის მინიტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.
The Washington Post-ის ინფორმაციით, მეორე შეზღუდვა ეხება ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, დაეხმაროს რუსულ ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული წესები დაწესდა საფრთხის გამო, რომ რუსეთმა აშშ, შესაძლოა, ამ თავდასხმების მონაწილედ მიიჩნიოს. ამის შესახებ გამოცემას ანონიმურობის დაცვით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა.
მანამდე ამერიკული მედია დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ უკრაინას გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც მას რამდენიმე რუსი გენერლის განადგურებაში დაეხმარა, ასევე დაეხმარა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვაში. პენტაგონში ეს ინფორმაციები არ დაადასტურეს.
ამჟამად აშშ რეალური დროის რეჟიმში უკრაინას გადასცემს ინფორმაციებს რუსული ჯარების მდებარეობისა და გაადაგილების შესახებ, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. აშშ უკრაინას ასევე აწვდის სამხედრო ტექნიკას: მძიმე არტილერიას, უპილოტოებსა და ტანკსაწინააღმდგო რაკეტებს.