რუსი ჩოგბურთელებს, მათ შორის მსოფლიოს მე-2 ჩოგან დანიილ მედვედევს, უიმბლდონის პრესტიჟულ ტურნირზე არ დაუშვებენ, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
New York Times-ის ცნობით, აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ რუსებზე, არამედ ბელარუსებზეც.
ამასთან, Sportico-ს ცნობით, ბელარუს სპორტსმენებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
უიმბლდონის ორგანიზატორმა, All England Lawn Tennis and Croquet Club-მა (AELTC), აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსებისა და ბელარუსების დაშვების შესახებ მაისის შუა რიცხვებში გახდებოდა ცნობილი.
რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა უკვე აეკრძალათ დევისის თასისა და ბილი ჯინ კინგის თასის გუნდურ შეჯიბრებებზე.
მანამდე ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა განაცხადა, რომ მთავრობა მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან ტურნირებზე.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შეჯიბრებებზე დაშვების შემთხვევაში, სპორტსმენებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან წერილობით უნდა დაადასტურონ, რომ ისინი არ ილაპარაკებენ დადებითად ვლადიმირ პუტინზე, რუსეთის ან ბელარუსის ხელისუფლებაზე და რომ მათგან ფულს არ იღებენ.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, მსოფლიოს მე-2 ჩოგანმა დანიილ მედვედევმა ომთან დაკავშირებით ფრთხილი კომენტარი გააკეთა.
"მე სრულიად მშვიდობის მომხრე ვარ", - თქვა მან მექსიკაში, აკაპულკოში გამართულ ტურნირის პრესკონფერენციაზე.
ბევრად უფრო თამამი აღმოჩნდა ანდრეი რუბლევი, რომელმაც, დუბაიში ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ, კამერის ობიექტივზე დაწერა: "არა ომს, გთხოვთ".
კაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგის ათეულში შედის ორი რუსი სპორტსმენი - დანიილ მედვედევი (მე-2 ადგილი) და ანდრეი რუბლევი (მე-8 ადგილი), ქალთა რეიტინგის ოცეულში შედიან რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა (15 ადგილი), ასევე ბელარუსი არინა სობოლენკო (მე-4 ადგილი) და ვიქტორია აზარენკა (მე-18 ადგილი).
უიმბლდონის ტურნირი 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ლონდონში გაიმართება.