რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ჯარების 64-ე მსროლელ ბრიგადას მიანიჭა საპატიო წოდება "გვარდიელი". პუტინის განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ საპატიო წოდება მიენიჭა "მასობრივი გმირობისა და გამბედაობისთვის, სამშობლოსა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საბრძოლო ოპერაციებში გამოვლენილი სიმტკიცისა და სიმამაცისთვის".
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ სწორედ 64-ე მსროლელი ბრიგადის სამხედროები მონაწილეობდნენ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლოების მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა და წამებაში.
რუსეთი ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამოქალაქო პირებს თავს არ დასხმიან. კრემლი ბუჩის ხოცვა-ჟლეტის ამსახველ კადრებს პროვოკაციასა და ინსცენირებას უწოდებს.