პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ. ისინი დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ამის შესახებ უკრაინული და პოლონური მედია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
უკრაინაში ვიზიტის ორგანიზატორი პოლონეთის ხელისუფლებაა.
"ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის დამცველებს ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იაკუბ კუმოხმა.
უკრაინაში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამაც დაწერა.
"ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. მივემართებით კიევისკენ პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას", – წერს გიტანას ნაუსედა.