ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გენოციდი უწოდა. ბაიდენმა სიტყვა გენოციდი ორჯერ გამოიყენა.
"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, ან საწვავის ავზების შევსების შესაძლებლობა დამოკიდებული არ უნდა იყოს მსოფლიოს მეორე მხარეს გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს", - განაცხადა ბაიდენმა აიოვაში ამერიკელებისადმი მიმართვისას.
ხოლო, როდესაც ჟურნალისტმა დამატებით ამ ფრაზის განმარტება ჰკითხა, ბაიდენმა უპასუხა: "მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად უკრაინელად ყოფნის იდეა."
ჯო ბაიდენის განცხადებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მას ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა, ამასთან, აღნიშნა, რომ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.