რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს ომს კრემლი) მიზნები მიღწეული იქნება. ამის შესახებ პუტინმა კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" განაცხადა, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკასთან ერთად ეწვია.
"მიზნებს მივაღწევთ, ეჭვგარეშეა", - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ „მიზნები აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილურია".
"ვიცით, რომ დღეს ჩვენი ოფიცრები დონბასში, უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილეობენ და დახმარებას უწევენ დონბასის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად და შედეგიანად იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს", - თქვა მან.
ამავდროულად, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "კეთილშობილურ მიზნებთან" ერთად, რუსეთი ["უკრაინაში სპეცოპერაციით"] იღებს ზომებს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
"რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ერთი მხრივ, არის ადამიანების დახმარება, ვეხმარებით ადამიანებს, ვეხმარებით ხალხს გადარჩენაში, მეორე მხრივ, ვიღებთ ზომებს თავად რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ცხადია სხვა გზა არ გვქონდა, ეს სწორი გადაწყვეტილებაა", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში, რასაც პუტინი "კეთილშობილური მიზნებით" ხსნის, ნადგურდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 200-მდე ბავშვი.