ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ლუკას მანდლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოსთვის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელია, რადგან ამით ქვეყანა წინ წაიწევს ევროინტეგრაციის გზაზე.
"ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები. ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოფს, რომ შედეგი არა მხოლოდ სიტყვები იყოს, არამედ ქმედებები", - თქვა ჰარცელმა.
ელჩი ჰარცელის თქმით, კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი.
"შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა. სამი ძირითადი საკითხია:
პირველი - საქართველომ მიაღწია თუ არა ინსტიტუციების სიმყარეს, გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების მხრივ.
მეორე - რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია ევროკავშირის ეკონომიკებთან.
მესამე - შეძლებს თუ არა აღასრულოს ეფექტურად ვალდებულებები ევროკავშირის ვალდებულებები პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები", – განაცხადა ჰარცელმა.