უკრაინაში რუსეთის სპეციალური ოპერაციის მიზანია ბოლო მოეღოს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების უგუნური დომინირების კურსს, - ამის შესახებ აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერეგი ლავროვმა ტელეარხ "როსია-24"-ს განუცხადა.
"ჩვენი სამხედრო ოპერაციის მიზანია ბოლო მოეღოს აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების უგუნური გაფართოებისა და სრული დომინირების უგუნურ კურსს საერთაშორისო არენაზე", - თქვა მან.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, ამგვარი დომინირება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
"კოსოვოში რეფერენდუმის გარეშე შეიძლება დამოუკიდებლობის აღიარება, ყირიმში კი - რეფერენდუმის შედეგად, რომელსაც აკვირდებოდა უცხოეთის ქვეყნის ასობით ობიექტური დამკვირვებელი, საზოგადოების წარმომადგენელი, არ შეიძლება. ერაყში, აშშ-სგან ათი ათასი კილომეტრის დაშორებით მოეჩვენათ, რომ ამერიკის უსაფრთხოებას დაემუქრა საფრთხე, დაბომბეს, ვერანაირი საფრთხე ვერ ნახეს და ბოდიშიც არ მოიხადეს.
როცა პირდაპირ ჩვენს საზღვრებზე ჩნდებიან ნეონაცისტები და ულტრარადიკალები, ქმნიან ათობით ბიოლოგიურ ლაბორატორიას პენტაგონის მეშვეობით, ატარებენ რაღაც ექსპერიმენტებს, რომელთა უპირველესი მიზანია ბიოლოგიური იარაღის შექმნა - აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ამის ეჭვს არ იწვევს - ამ საფრთხეზე, ჩვენს საზღვრებთან და არა ოკეანის მიღმა, რეაგირების უფლება არ გვაქვს", - აღნიშნა აგრესორმა, ოკუპანტმა ლავროვმა.
ამ დრომდე, კრემლი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანი უკრაინის "დემილიტარიზაცია" და "დენაციფიკაცია" იყო. როგორც ჩანს ამ ჩამონათვალს, "დასავლეთის უგუნური დომინირებისთვის" ბოლოს მოღებაც დაემატა.