ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეტალების მოგვარების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან.
"არავის არ აქვს უკრაინაში ჩასვლის პრობლემა, პირდაპირ ვთქვათ, საპარლამენტო უმრავლესობაში როცა ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ სამძიმარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა წავა და მით უმეტეს, თუ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ, რა კითხვებიც მათ დაუსვეს და „ობიექტურად ეს რაღაც ჩარჩოებში მოექცევა, ოპოზიციის არც ერთი მიმართულებით არ დაგვჭირდება ჩვენ დახმარება იმაში, რომ ვიზიტი დავგეგმოთ და საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს ამას", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.