"როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრისას.
შეხვედრისას საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ასევე ეროვნული თანხმობის პროცესს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ არჩევანს და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
"საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა", - განაცხადა ევროპული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლუკას მანდლიმ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა.
"ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ უსაფრთხოების ზღვა იყოს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი; ქვეკომიტეტის წევრები იუაზა ოლეკასი და ელენა იონჩევა, ასევე ევროპული პარლამენტის წევრი ლარს პატრიკ ბერგი.