ნატო "ფუნდამენტური ტრანსფორმაციის" ეტაპზე იმყოფება, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან ინტერვიუში, რომელიც 9 აპრილს გამოქვეყნდა.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი განიხილავს გეგმას, რომლის თანახმადაც, ბლოკის გარე საზღვრების გასწვრივ მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა უნდა განლაგდეს.
აღნიშნული გეგმა ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელსაც ალიანსი რუსეთიდან პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად იღებს.
"ნატოს ტრანსფორმაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ალიანსის ივნისის სამიტზე მადრიდში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ახალი რეალობა ევროპის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა მან და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგებზე მიუთითა.
"სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას", - დასძინა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.