9 აპრილს, პაკისტანის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს და თანამდებობიდან გადააყენა.
აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტის 342 დეპუტატიდან, 174-მა დაუჭირა მხარი.
მანამდე, იმრან ხანმა დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა, რადგან მისმა მოკავშირეებმა დატოვეს კოალიციური მთავრობა.
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის გადაყენება თავდაპირველად 3 აპრილს სცადა, თუმცა იმავე დღეს იმრან ხანმა საკანონმდებლო ორგანო დაშლილად გამოაცხადა.
7 აპრილს პაკისტანის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილება და უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ხელოვნურად ჩაგდება, რამაც გზა გაუხსნა ახალი კენჭისყრის ჩატარებას.
მოელიან, რომ პაკისტანის მთავრობის ახალი მეთაურის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი. ადგილობრივი მედიის ვარაუდით, მთავრობას სათავეში ოპოზიციური პარტია "პაკისტანის მუსლიმთა ლიგის" ლიდერი შაჰბაზ შარიფი ჩაუდგება.
იმრან ხანი, კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი, 2018 წლიდან იკავებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ის ამომრჩევლებს კორუფციის აღმოფხვრასა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ჰპირდებოდა, თუმცა ბევრი პაკისტანელი ფიქრობს, რომ ხანმა ვერცერთი დაპირება შეასრულა.
იმრან ხანი ირწმუნებოდა, რომ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ოპოზიციური პარტიები სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობდნენ. კერძოდ, ხანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას მისი ჩამოშორება სურდა, რადგან ვაშინგტონს არ მოსწონდა ისლამაბადის მჭიდრო კავშირები რუსეთსა და ჩინეთთან.
აშშ-ის ხელისუფლება ხანის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და არც თავად იმრან ხანს წარუდგენია თავისი ბრალდების რაიმე სახის მტკიცებულება.
იმრანი ხანი პირველი პრემიერ-მინისტრია პაკისტანის ისტორიაში, რომელიც პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების გზით, თანამდებობიდან გადააყენეს.