კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა განაცხადა.
მაასიკასმა სოციალურ ქსელში კიევში დიპლომატიური მისიის შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში".
8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ დიპლომატიური მისია განაახლებს კიევში მუშაობას.
შეგახსენებთ, კიევიდან ევროკავშირის დელეგაციის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთის შეჭრიდან მალევე, როცა კიევზე და მის გარეუბნებზე თავდასხმები გაძლიერდა.
ევაკუაციის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია მუშაობდა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში, საიდანაც კოორდინაციას უწევდა ევროპული და საერთაშორისო დახმარების უკრაინისთვის მიწოდებას. დელეგაციის ზოგიერთი წევრი კვლავ ჟეშოვში დარჩება და დისტანციურად გააგრძელებს მუშაობას.