10 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება. დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცასა და ტულუზაში საარჩევნო უბნები 20:00 საათამდე იქნება ღია.
არჩევნებში დაახლოებით 49 მილიონი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.
არჩევნებში 12 საპრეზიდენტო კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, გამარჯვების მაღალი შანსები აქვთ ამჟამინდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მემარჯვენე პოპულისტური პარტიის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერს მარინ ლე პენს.
საფრანგეთის პრეზიდენტობას ასევე ესწრაფვიან ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური, მემარჯვენე-ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი, მემარცხენეთა ლიდერი ჟან-ლუკ მელენშონი, სოციალისტური პარტიის კანდიდატი, პარიზისი მოქმედი მერი ანა იდალგო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით 5 წლის ვადით. თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას (50%-ზე მეტ ხმას), მაშინ იმართება მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
ფოტო: AP