დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კიევიდან და ჩერნიჰოვიდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთიდან რუსული ჯარები უკვე მთლიანად გაყვანილია ბელარუსსა და რუსეთში. ამ ძალების ნაწილი კი უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში საბრძოლველად გადაინაცვლებს.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ამ ძალებიდან ბევრს დასჭირდება მნიშვნელოვანი შევსება, ვიდრე ისინი მზად იქნებიან აღმოსავლეთით გადანაცვლებისთვის, ჩრდილოეთიდან კი ნებისმიერ მასობრივ გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება.
რუსეთი აღმოსვლეთითა და სამხრეთით ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. საოკუპაციო ძალები დაწინაურდნენ სამხრეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ იზიუმიდან, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ რჩება.
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსები, სავარაუდოდ, ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინაში საბრძოლველად, მებრძოლების მობილიზებას ახდენენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების ძირითადი ძალისხმევა ისევ ორიენტირებულია მარიუპოლის დაპყრობაზე, შეტევით ბრძოლებზე ქალაქ იზიუმის მიდამოებში და დონეცკის მიმართულებით უკრაინის გაერთიანებული ძალების დაჯგუფების თავდაცვის გარღვევაზე.