გერმანიის დაზვერვის ფედერალურ სამსახურს (BND) ხელში ჩაუვარდა რუსი სამხედროების რადიოგაცვლის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს ბუჩას ხოცვა-ჟლეტის შესახებ ახალ ინფორმაციებს. რუსები განიხლავენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს, ცალკეული შეტყობინებები კი შესაძლოა უკავშირდებოდეს ფოტოებზე აღბეჭდილი კონკრეტული მოკლული ადამიანების ცხედრებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი BND-ის ხელთარსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონკრეტულად, დაზვერვის სამსახური ფლობს რადიოშეტყობინებებს, რომელიც შეიცავს ინფორმაციებს ბუჩას მთავარი ქუჩის გასწვრივ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ადგილსამყოფელის შესახებ. ერთ-ერთ საუბარში რუსი სამხედრო ამბობს, რომ მან და მისმა მეგობარმა მოკლეს ადამიანი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
მედიის მიერ გავრცელებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია კაცი ველოსიპედით ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მტკიცებულება გახდა. Der Spiegel-ის მონაცემებით, კიდევ ერთ შეტყობინებაში მამაკაცი ამბობს, რომ უკრაინელ სმახედროებს ჯერ კითხავენ, შემდეგ კი ხვრეტენ.
გარდა ამისა, აღნიშნული მასალებიდან შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ ბუჩაში ჩადენილ სიმხეცეში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ კერძო რუსული კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები.
გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ BND-ის მიერ მოპოვებული რადიოშეტყობინებები მეტყეველბს იმაზე, რომ ბუჩაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობები არ იყო შემთხვევითი და არც ცალკეული უკონტროლო ჯარისკაცების ქმედებები.
აღნიშნული მასალები დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა რუსი სამხედროების ჩვეულებრივი ქმედების და შესაძლოა, მათი სტრატეგიის ნაწილიც არის მშვიდობიან მოსახლეობაში შიშისა და საშინელების გავრცელებისა და წინააღმდეგობის გაწევის ჩახშობის მიზნით.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვის სამსახურმა 6 აპრილს ბერლინში საპარლამენტო ინსტანციებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა ქალაქებში რუსი სამხედროების მიერ მშვდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტო და ვიდეო-მასალა აპრილის დასაწყისში გავრცელდა.