ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით - შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NBC News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინელებს სამხედრო დახმარებას მალე მიაწვდიან.
მისივე თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვება, თუმცა ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
"ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მათ მიღებას. გვინდა, რომ ომის დასრულება მალე დავინახოთ, დასრულდეს სიკვდილი და დესტრუქცია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ასევე არსებობს სავარაუდო სცენარი, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა ჰყავთ. უკრაინელებს კი აქვთ რაღაც, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერია და ეს არის ძლიერი გამბედაობა და სურვილი დაიცვან თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერით", - განაცხადა ბლინკენმა.