პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია 9 აპრილს, 16: საათზე, პარლამენტის წინ დიდ აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ისტორიული ამოცანა აქვთ, ხელოვნური გამყოფი ხაზები გვერდით გადადონ და 9 აპრილის იდეის გარშემო გაერთიანდნენ.
"ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვაქვს ისტორიული ამოცანა, ერთი წუთით გადავდოთ ის ხელოვნური გამყოფი ხაზები, რომლებიც ჩვენ დაგვიწესა კრემლმა და "ქართულმა ოცნებამ", პარტიები, დაპირისპირებები, რაღაცა სახელები. 9 აპრილის იდეის გარშემო, ჩვენ, ყველა, ვართ ერთნი და სწორედ ერთიანობაშია ჩვენი ძალა.
ამიტომ, გთხოვთ ყველას, არ ჩათვალოთ, რომ ელენე ხოშტარია ან „დროა“ ვინმეს სადღაც ეძახის, უბრალოდ გთავაზობთ, რომ ყველამ ჩავიხედოთ გულში და ვთქვათ: ვაკეთებთ კი ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და გადავცეთ მომავალ თაობას. 9 აპრილს ეს ვთქვათ ყველამ ერთად პარლამენტის წინ. გთავაზობთ, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ 18:00 საათზე. დაე, ეს იყოს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, განაცხადი, რომ დღეს ბოროტების წინაშე ვდგავართ ძლიერად, ერთიანად და სინათლის მხარეს. განაცხადი, რომ საქართველო არასდროს არ ჩაჰყვება საფლავში საბჭოთა კავშირს, რომელიც ვერასდროს აღდგება და რომელიც მარცხდება დღეს უკრაინაში, მათ შორის, ჩვენი ქართველი მებრძოლების მონაწილეობით. ყველამ ერთად ვთქვათ ეს! ყველა პარტიასთან მაქვს და მექნება საუბარი, ყველა ბიზნესმენს მივმართავ, რომელიც ქმნის ამ ქვეყნის დოვლათს, ყველა განსხვავებული აზრის ადამიანს, ყველა სამოქალაქო ჯგუფს, ყველა აქტიურ მოქალაქეს - გადავდოთ ყველაფერი, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ვთქვათ, რომ საქართველო არის და იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი, ერთიანი და ღირსეული ქვეყანა!", - აცხადებს ხოშტარია.