თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
„ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას სიკვდილის უფლებად გარდაქმნის. ეს ძირს უთხრის მსოფლიო უსაფრთხოების მთელს არქიტექტურას. ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეუძლიათ. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, ქვეყნებს ექნებათ მხოლოდ ის ძალა, რაც გააჩნიათ და ვერ დაეყრდნობიან საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი უსაფრთხოება.
გაერო შესაძლოა უბრალოდ დაიხუროს. ქალბატონებო და ბატონებო, მზად ხართ იმისთვის, რომ დაიხუროთ? ფიქრობთ თუ არა, რომ საერთაშორისო სამართლის დრო დასრულდა? თუ არა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ. გაეროს ქარტია დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს. სისტემა უნდა შეიცვალოს. ვეტო არ უნდა იყოს სიკვდილის უფლება“, - თქვა ზელენსკიმ.