ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. იტყობინება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური.
საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, გაძევებული პირები დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი.
"მათი ქმედებები ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის დარღვევას წარმოადგენს. რუსეთის ამ მოქალაქეთა პრივილეგები და იმუნიტეტები გაუქმდება და მათ ბელგიის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირში რუსეთის ელჩს ვლადიმირ ჩიჟოვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურმა მდივანმა სტეფანო სანინომ გააცნო.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პერსონალის გადაწყვეტილება რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის ფონზე მიიღეს.
"ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და გააგრძელებს ყველა შესაძლო მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულად", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, რუსი დიპლომატები გააძევეს საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, შვედეთმა, ესპანეთმა, რუმინეთმა და გერმანიამ. ლიეტუვამ და ლატვიამ, ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა გადაწყვიტეს. შედეგად, რიგამ და ვილნიუსმა რუსეთის ელჩები გააძევეს და მათი ელჩები მოსკოვიდან გამოიხმეს.
რუსეთი აცხადებს, რომ დიპლომატების გაძევებას შესაბამისად უპასუხებს.