ველოდები საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ჩვენ ყოველთვის ველოდებით ღირებულ პარტნიორ საქართველოსთან შეხვედრას ნატო-ს სხვა შეხვედრებზეც, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო არის პარტნიორი, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-სთვის.
„ვნახოთ, საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ როგორ შეძლებენ უფრო მეტად გააქტიურონ მხარდაჭერა საქართველოსთვის. საქართველოსთვის ეს შესაძლოა, მოიცავდეს ნატო-საქართველოს ამჟამინდელი არსებითი პაკეტის გაძლიერებას, მათ შორის, ვითარების ცნობადობის, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებს. ჩვენ ასევე შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, განავითაროს მისი კიბერშესაძლებლობები და უზრუნველვყოთ დამატებითი პერსონალი საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისისთვის. ეს არის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც შესაძლოა, გადაიდგას, როდესაც ხუთშაბათს მინისტრების შეხვედრა გაიმართება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.