The New York Times-ის მიერ სატელიტური გამოსახულებების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალქეების ცხედრები მარტის შუა რიცხვებიდან უკვე იყო.
გამოცემის მიერ შესწავლილი მასალები არ ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების მტკიცებებს, რომ თითქოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები ბუჩაში მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქი რუსმა სამხდროებმა დატოვეს.
როდესაც ბუჩიდან უმძიმესი კადრები გავრცელდა, რომელზეც ჩანს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, შეკრული ხელებითა და თავში ნასროლი ჭრილობებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასთან კავშირი უარყო და ფოტო-ვიდეო კადრებს "კიევის რეჟიმის მორიგი პროვოკაცია" და "დასავლური მედიისთვის კიდევ ერთი პროდუქტი", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მას "ინსცენირება" და "ფეიკთავდასხმა" უწოდა.
The New York Times-ის პუბლიკაციის თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა სამი კვირის წინ არის მოკლული, როდესაც ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2 აპრილს არის გადაღებული ჩანს უამრავი ცხედარი იაბლონსკაიას ქუჩაზე. სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც გამოცემას კომპანია Maxar Technologies-მა წარუდგინა, ადასტურებს, რომ სულ მცირე 11 ცხედარი 11 მარტიდან უკვე იყო, იმ დროს, როდესაც ქალაქში რუსი დამპყრობლები იმყოფებოდნენ.
გამოცემის თანახმად, ცხედრები ბუჩას ქუჩებში ჩანს 11 მარტს გადაღებულ სატელიტურ გამოსახულებებზე. მოკლულების სხეულები იმავე პოზაშია, რაც სამი კვირის შემდეგ უკრაინელი სამახედროების მიერ მათი აღმოჩენის დროს.
ერთ-ერთ ვიდეოზე, იაბლონსკაიას ქუჩაზე ჩანს ცხედარი მიტოვებული ავტომობილის გვერდით, სატელიტურ ფოტოების მიხედვით, ავტომობილი და მის გვერდით ცხედარი 20-21 მარტის პერიოდში გამოჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოჩენილია 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, თუმცა მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, მსხვერპლთა ნაწილს სასტიკი წამების კვალი აღენიშნება, ზოგიერთ მოკლულ ადამიანს ხელები აქვს შეკრული. ცხედრები აღმოჩენილია სარდაფებშიც, რომლებსაც ასევე ხელები აქვთ შეკრული და ტყვია თავში აქვთ ნასროლი.
ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტაზე დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.