გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის ბარბარა ვუდვორდის განცხადებით, ლონდონი თანახმაა, კიევის მიმართვის შემთხვევაში, იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი.
ვუდვორდის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს. უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. გარდა ამისა, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო ზარები თითქმის ყოველდღე აქვთ.
"რაც ჩვენ გვინდა არის ის, რომ ყველანაირად, რითიც შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამ ომის დასრულებასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანას. მოხარულები ვიქნებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში, თუ უკრაინის მთავრობა გვთხოვს", - თქვა ვუდვორდმა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონს კიევისგან შესაბამისი თხოვნა ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, 28 მარტს, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინის მხარემ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები წარუდგინა და ის ქვეყნები დაასახელა, ვისაც გარანტორებად განიხილავს. უკრაინის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო ხელშეკრულებით უნდა განმტკიცდეს, რომელსაც უსაფრთხოების ყველა გარანტორი ხელს მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.