საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ემიჯნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებით.
ფრანგულ ტელეარხ France 3-თან ინტერვიუში, ჟურნალისტმა მაკრონს ჰკითხა, რას ფიქრობდა ბაიდენის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მან პუტინს "ჯალათი" უწოდა და თქვა, რომ "ის ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს“.
"ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და... ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს. მე არ გამოვიყენებდი ამ ტერმინებს, რადგან ვაგრძელებ პრეზიდენტ პუტინთან საუბარს. ყველას გვინდა ერთობლივად გავაკეთოთ ის, რომ მან შეაჩეროს ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში", - თქვა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანაა "ჯერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და შემდეგ რუსეთის ჯარების სრული გაყვანა დიპლომატიური საშუალებებით".
"თუ ჩვენ ამის გაკეთება გვსურს, მაშინ სიტყვებით ან ქმედებებით ესკალაცია არ შეიძლება", - დასძინა მან.
მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ რჩება საფრანგეთის მნიშვნელოვან მოკავშირედ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პუტინთან გააგრძელებს საუბარს ალყაში მოქცეული მარიუპოლში ჰუმანიტარული მისიის განხორციელების შესახებ, რომელსაც პარიზი ანკარასა და ათენთან ერთად გეგმავს.
შეგახსენებთ, ვარშავაში ჯო ბაიდენმა პუტინთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ღვთის გულისათვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა ბაიდენის განცხადება და აღნიშნა, რომ მას რუსეთში რეჟიმის ცვლილება არ მოუთხოვია.
ჯო ბაიდენის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა კრემლიც. პრესსპიკერ პესკოვის განცხადებით, [პუტინი დარჩება თუ არა ხელისუფლებაში] ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის.
მანამდე, ჯო ბაიდენმა პუტინს "ჯალათი" უწოდა.