უკრაინის უმაღლესი რადის ეროვნული ჯანდაცვის, სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილო რადუცკიმ ღია წერილით მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვნით, არ გაიხსნას უკრაინელი ლტოლვილების მისაღები ცენტრი რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში.
რადუცკის განცხადებით, ეს იქნება მოსკოვის კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების, უკრაინელების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციის ლეგიტიმაცია.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის შეთანხმება იყო საჭირო, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდებოდა ომის შედეგად განადგურებული უკრაინიდან.
რუსული მედია იტყობინება, რომ წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა პიტერ მაურერმა რუსეთს სთხოვა, ხელი შეუწყოს წითელი ჯვრის ოფისის გახსნას დონის როსტოვში.
დონის როსტოვი არის უდიდესი რუსული ქალაქი უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე და როსტოვის რეგიონის ადმინისტრაციული დედაქალაქი.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ცნობით, როსტოვს რუსეთი იყენებდა ომის ზონიდან გადაყვანილი ადამიანების დროებითი განთავსების ბანაკებისთვის.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის მოქალაქეების ძალდატანებით გადაჰყავს თავის ტერიტორიაზე, უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან. ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს. მისი თქმით, ეს მარშრუტი უკრაინულ მხარესთან არაა შეთანხმებული.
"არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ "გადარჩენა" აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ან რუსეთში", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.