მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილი მე-4 ადგილზე გავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის.
„26 მარტი კიდევ ერთი წარმატებული სატურნირო დღე აღმოჩნდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მოციგურავეთა გუნდისათვის. საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში მოასპარეზე 22 ქვეყნის 30 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ შედეგიანად იასპარეზა ორივე პროგრამაში. თავისუფალ პროგრამაში მან სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოს რეიტინგულ მოციგურავეებს იაპონიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენელს დაუთმო პოზიციები, შეასრულა ურთულესი ოთხმაგი ნახტომები, დახვეწილად მოახდინა საკუთარი პროგრამის პრეზენტაცია და ორი პროგრამის ჯამური 272,03 ქულით მეოთხე საპატიო ადგილი დაიკავა და ამ შედეგით საუკეთესო აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების მოციგურავეებს შორის.
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ქართველ მოციგურავეებს არასოდეს მიუღწევიათ ასეთი მაღალი სატურნირო პოზიციისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის მე- 4 ადგილი, ევროპის ქვეყნებს შორის პირველი და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი საგზური მამაკაცებს შორის ეს ის მონაპოვარია, რომელიც შესძინა მორის ყვითელაშვილმა ჩვენს ქვეყანას და ასე ღირსეულად იასპარეზა მისთვის ისეთ დაძაბულსა და ყველაზე საპასუხისმგებლო წელს, როგორიც ოლიმპიური თამაშების სეზონი იყო. ვულოცავთ ქართველ სპორტსმენს, მათ მწვრთნელებს, ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციასა და ერთგულ ქართველ გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ ასეთ საამაყო შედეგებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.