ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG) რუსი ტანმოვარჯიშის ივან კულიაკის 1-წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვს.
კულიაკმა საერთაშორისო ტურნირზე უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია ასევე ითხოვს რუსეთის ნაკრების მწვრთნელების, იგორ კალაბუშკინისა და ვალენტინა როდინენკოს დასჯას.
დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 3 კვირის განმავლობაში მიიღებს.
შეგახსენებთ, 6 მარტს დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის კვარცხლბეკზე კულიაკს ეცვა ფორმა, რომელზეც რუსული სამხედრო-პროპაგანდისტული სიმბოლო Z იყო გამოსახული.
უკრაინაში შეჭრილ რუსულ სამხედრო ტექნიკაზე სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული.
ამ შეჯიბრში უკრაინელმა ილია კოვტუნმა გაიმარჯვა. კულიაკი პოდიუმზე სწორედ მის გვერდით იდგა. მოგვიანებით კულიაკმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ სურდა ყველას გაეგო, რომელ ქვეყანას წარმოადგენდა ის.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა ეთიკის კომისიას – აღძრას საქმე კულიაკის წინააღმდეგ მისი შოკისმომგვრელი საქციელის გამო.
უკრაინაში სასტიკი ომის გაჩაღების შემდეგ, რუს და ბელარუს ტანმოვარჯიშეებს FIG-ის ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა აეკრძალათ.