რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალურ ვითარებაში, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.
"ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდება, რადგან მაშინ, როდესაც დასავლეთი უხეშად უთხრის ძირს ყველა იმ ფუნდამენტს, რაზეც არის დაფუძნებული საერთაშორისო სისტემება, ბუნებრივია, ჩვენ, როგორც ორმა დიდმა ძალამ, უნდა ვიფიქროთ, როგორც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ სამყაროში", - თქვა ლავროვმა სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით.
ამავდროულად, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ ხელს უშლის უკრაინას, დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნებს ბოლო დღეებში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს.
"მუდმივად იგრძნობა, რომ უკრაინის დელეგაციის ხელი, სავარაუდოდ, ამერიკელებს უჭირავთ, რაც მათ არ აძლევს საშუალებას, რომ დაეთანხმოთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად მინიმალურია", - თქვა ლავროვმა, რომელსაც ამ ვარაუდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ კიევის პოზიციაზე გავლენას ახდენს არ არსებობს.
გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვიდა.
თეთრი სახლის ცნობით, პარასკევს სატელეფონო საუბრისას, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი "ეფექტებისა და შედეგების შესახებ" თუ პეკინი რუსეთისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების გაწევას გადაწყვეტს.
ჩინეთის მედიის ცნობით, სი ძინპინმა -ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ "უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მსგავსი კონფლიქტები და კონფრონტაციები არავის ინტერესებს ემსახურება".
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა