უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და ომის გაჭიანურება რუსეთის მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს და მოსკოვს სასწრაფო მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რათა შეათანხმონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული ბლიცკრიგის გეგმა ჩაიშალა და რუსმა სამხედროებმა გამანადგურებელი ომის ტაქტიკა აირჩიეს.
"ეს ტაქტიკა რუსეთის სახელმწიფოს მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებს. ამიტომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე - შინაარსიანი, სამართლიანი, გაჭიანურების გარეშე - ერთადერთი შანსია რუსეთისთვის, შეამციროს თავისივე შეცდომების მიერ გამოწვეული თავისი ქვეყნის ზიანი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში.
"შეხვედრის დრო დადგა. მოლაპარაკებების დროა. დადგა დრო აღვადგინოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ექნება ისეთი დანაკარგი, რომ ფეხზე წამოსადგომად რამდენიმე თაობა არ ეყოფა", - თქვა ზელენსკიმ.