პარასკევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.
ეს იყო პირველი პირადი კონტაქტი ლიდერებს შორის მიმდინარე წელს.
თეთრი სახლის თანახმად, ჯო ბაიდენმა მოუწოდა სი ძინპინს, თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო ან ეკონომიკური დახმარების გაწევისგან, მის [რუსეთის] წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებები უკრაინის კრიზისი თაობაზე. მან ასევე დეტალურად აღწერა ის მოსალოდნელი გავლენები და შედეგები, რაც ჩინეთის მიერ რუსეთისთვის მატერიალური დახმარების გაწევას მოჰყვება, მაშინ როდესაც მოსკოვი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალური პრესრელიზში.
ამავდროულად, ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის მხარდაჭერას კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართ. თეთრი სახლის განცხადები, ლიდერები შეთანხმდნენ კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
ცოტა ხნით ადრე, ბაიდენისა და ძინპინის სატელეფონო საუბრის შესახებ, პეკინის განცხადება გავრცელდა ჩინეთის სახელმწიფო მედიაში.
ჩინეთის მედიის ცნობით, სი ძინპინმა -ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ "უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მსგავსი კონფლიქტები და კონფრონტაციები არავის ინტერესებს ემსახურება".
"უკრაინის კრიზისი ეს ის არის, რისი ნახვაც არ გვსურს", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა ბაიდენთან ონლაინ შეხვედრისას. ამასთან, აღნიშნა, რომ ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი ურთიერთობები სწორი მიმართულებით უნდა გააგრძელონ.
ძინპინის თქმით, პეკინმა და ვაშინგტონმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიმართონ ძალისხმევა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთი გააფრთხილა, რომ პეკინი გამანადგურებელი შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მატერიალურ მხარდაჭერას გაუწევს.
გავრცელებული ცნობით, აშშ-მა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთმა მიანიშნა, რომ მზად არის მოსკოვს სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს, რომელიც მას რუსეთმა სთხოვა.
მოსკოვმა უარყო ჩინეთისადმი სამხედრო დახმარების თხოვნა, ჩინეთის საგარეო საქმეთ სამინისტრომ კი აღნიშნულს "დეზინფორმაცია" უწოდა.