საქართველოს ხელისუფლებისათვის უცხო როდია თავიანთი დაპირებების უკან წაღება. მათ ნებისმიერი "საზეიმო დაპირება" შეიძლება სერიოზულად აღქმული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იგი ქაღალდზე გადავა და იურიდიულ ძალას შეიძენს. ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ევროპარლამენტში და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტში წარმოთქმულ სიტყვას რიტორიკულ საფარველსა და ლამაზ ლიტერატურულ ციტატებს თუ მოვაცილებთ ერთგვარ ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს", _ ნათქვამია განცხადების დასაწყისში და იქვე გამოთქმულია იმედი იმისა, რომ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადებები მეტყველებდეს იმაზე, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს მიიღო ახალი რეალობები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა.
"ერთის მხრივ, გვინდა ვირწმუნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ევროპარლამენტში ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ ანარეკლია იმისა, რომ თბილისში ბოლოს და ბოლოს გააცნობიერეს ის ჭეშმარიტება, რომელსაც უკვე მრავალი წლის განმავლობაში უმტკიცებდნენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთი და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წევრები. კერძოდ, საუბარი მიდის პრობლემის გადაწყვეტის გზად ძალისმიერი და სამხედრო მოქმედებების დაუშვებლობაზე", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "თბილისის ეს ერთგვარი ე.წ. ერთმხრივი საზეიმო დაპირებები შეუძლებელია ეჭვს არ ბადებდეს".
"მიხეილ სააკაშვილი კვლავინდებურად ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოებას იმაში, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რაღაც კონფლიქტი არსებობს, მაშინ როდესაც მან უნდა ისაუბროს მრავალწლიან კონფლიქტზე, რომელიც თბილისს, აფხაზ და სამხრეთოსეთელ ხალხებს შორის არსებობს და რომელიც 2008 წლის აგვისტოში მორიგი ქართული ძალოვანი ავანტიურის გამო ამ ხალხების საბოლოო თვითგამორკვევით დასრულდა", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სიტყვაში აფხაზი და სამხრეთოსეთელი ხალხებისათვის კონფრონტაციული და დამამცირებელი რიტორიკის გამოყენებას აგრძელებს.
"ამას გარდა, შეუძლებელია გათვალისწინებული არ იყოს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის უცხო როდია თავიანთი დაპირებების უკან წაღება. ჩვენ ყველას გვახსოვს, სააკაშვილის "მშვიდობისმოყვარე" სატელევიზიო მიმართვა 2008 წლის 7 აგვისტოს, პრაქტიკულად ცხინვალის ბარბაროსულ დაცხრილვამდე რამდენიმე საათით ადრე.
ასე რომ ნებისმიერი "საზეიმო დაპირება" რომელიც საქართველოს ხელისუფლებიდან მოდის შეიძლება სერიოზულად აღქმული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც, როგორც იტყვიან, იგი ქაღალდზე გადავა და იურიდიულ ძალას შეიძენს", _ ნათქვამია განცხადებაში, რომლის ბოლოსაც აღნიშნულია, რომ - "რუსეთის ფედერაცია კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისაკენ მიმავალი გზა თბილისსა და ცხინვალს ასევე თბილისსა და სოხუმს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებაზე გადის".