დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად, არ გამოხვიდეთ, ვიდრე არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე, თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით ყველა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა – უპასუხისმგებლობაა.
„გახარიას და „ლელოს“ თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ხუთი და ოთხი ნომერი თუ ასეთი ერთიანია პოლიტიკური ბრძოლის ფორმაში, რატომ გაიყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ? ცხადი ხომ იყო, რომ მასშტაბური გაყალბება იქნებოდა, ევროინტეგრაციას გააჩერებდნენ, სამოქალაქო სექტორს დახურავდნენ და პოლიტიკოსებს ციხეში გაუშვებდნენ? რატომ არ მოუსმინეს ამომრჩევლის დაკვეთას? რატომ არ დადგნენ საკუთარ ეგოზე მაღლა? ახლაც, ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების სისტემური წამების, ციხეში გამომწყვდევის, სამსახურებიდან გამოყრის, ფინანსური რეპრესიების შემდეგაც რომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია ერთიან სტრატეგიაზე, ამას რა ქვია? ვინ ხართ თქვენ?
ახლა, რაც შეეხება „პრაგმატულობას“. თვითმმართველობის არჩევნებზე არ იქნება არც საერთაშორისო, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები. თვითმმართველობის არჩევნებზე გამსვლელი პარტიების მიერ დოკუმენტირებულ დარღვევებზე და სასამართლოებში წაღებულ დავებზე მე არაფერი მსმენია. არც მათი პარტიების წევრების ნაბრძოლ და დაცულ ხმებზე მსმენია რამე საარჩევნო უბნებზე. არჩევნებზე გასვლა მარტო სიის შედგენა და ფბ რეკლამა არ არის. კი, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, კი, პოლიტიკოსები უკანონოდ სხედან ციხეში, მაგრამ ასე მოუმზადებლად, გახლეჩილი და ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციით, ამომრჩევლის მობილიზაციის, კომისიის წევრებ და დამკვირვებელ მოუმზადებელი არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არ არის, უპასუხისმგებლობაა, რეპრესირებულ მოქალაქეებზე ემოციური ძალადობაა, საკუთარი ქვეყნის და აქამდე არსებული საპროტესტო სტრატეგიის საბოტაჟია, ლანგარზე მირთმეული საჩუქარია „ოცნებისთვის“.
ამიტომ, სანამ დროა, დასხედით დახურულ კარს მიღმა ყველანი ერთად და არა ტელევიზორებში, არ გამოხვიდეთ, სანამ არ შეთანხმდებით ერთიან სტრატეგიაზე და მერე გამოაცხადეთ ერთიანი გადაწყვეტილება. თქვენი გახლეჩვის და არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლის შედეგებს ვიმკით აქ ყველა. ხალხის დაკვეთაა ეს და ემსახურეთ ხალხს“, – წერს ნინო ლომჯარია.