რუსეთის რამდენიმე რეგიონზე ათობით დრონით თავდასხმა განხორციელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 5 ივნისს, ღამით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟის, ბრიანსკის, ბელგოროდის, სარატოვის, ნოვგოროდის, კურსკის, ლენინგრადის, ორიოლის, როსტოვის, სმოლენსკის, რიაზანის, პენზასა და ტულის ოლქების ტერიტორიებზე, ასევე ჩუვაშიისა და მოსკოვის ოლქის თავზე 94 უკრაინული დრონი დააფიქსირეს.
უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბის ცნობით, ვორონეჟის ოლქის ბორისოგლებსკში სამხედრო აეროდრომზე თავდასხმა განხორციელდა. ამ ობიექტზე საჰაერო დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა განახორციელეს.
„ეს მტრის სუ-34-სა და სუ-35-ის ტიპის თვითმფრინავების ბაზაა. დაიბომბა მართვადი ბომბებით აღჭურვილი შემადგენლობები, საბრძოლო მომზადების თვითმფრინავი და, სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავებიც. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, - წერს Telegram-ზე უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ის აგრძელებს ყველა ზომის მიღებას, რათა რუსეთს ჩამოართვას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლებლობა და აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დაასრულოს ომი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ვორონეჟის ოლქში 34 დრონი ჩამოაგდეს.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა აღნიშნა, რომ რეგიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, კერძო სახლის სახურავი და ავტოფარეხი; დაშავებულები არ არიიან.
ჩუვაშიის ხელმძღვანელმა, ოლეგ ნიკოლაევმა, Telegram-ზე დაწერა, რომ ერთი უკრაინული დრონი ჩებოქსარში მდებარე რუსეთის კვლევითი ინსტიტუტის სახურავს დაეცა.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დრონით თავდასხმის შედეგად, ენგელსსა და რეგიონულ ცენტრში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
მისი თქმით, ენგელსში 25-ზე მეტი ბინა და 10-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
პარალელურად, Telegram-ის არხები, ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით ენგელსის სამხედრო აეროდრომზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან.